რას ჰყვება ქალი, რომელსაც ტვინიდან 20 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუყვანეს

უპრეცედენტო შემთხვევა – საქართველოში, პაციენტს ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს.
ტვინში აღმოჩენილი უცხო სხეული თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ, რეალურად კი ღორის სოლიტერი აღმოჩნდა. პარაზიტი, რომელიც ადამიანის სხეულში ღორის ხორციდან შეიძლება აღმოჩნდეს. მისი კვერცხები შესაძლოა სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს.
ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი, ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში. კურიერი P.S-ი 34 წლის ქირურგს და პაციენტს ესაუბრა.
ქალს, რომელსაც მხედველობის გაუარესება, ძლიერი თავის ტკივილები და გულყრა აწუხებდა, მეზობელ ქვეყანაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 4 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას სულ სხვა რამ აწუხებდა. პაციენტმა, ია ნარსიამ ქირურგიულ ჩარევაზე სხვა ქვეყანაში, უარი არაერთხელ თქვა. ბოლოს ოპერაციაზე საქართველოში მყოფმა ახალგაზრდა ქირურგმა დაითანხმა.
“უკვე ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… ნუ გეშინია, ძალიან კარგად გაგიკეთებო, მისასვლელად ძალიან კარგ ადგილას არისო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. ვიფიქრე, ნუთუ ეს ბავშვი გამწირავს მეთქი.
კიდევ ვერ ვიჯერებ, დღესაც ვერ ვიჯერებ… ჩემმა ბიჭმა მითხრა: დედა ჭია ამოგიყვანესო. რა ჭია, რაზეა საუბარი მეთქი,“ – ამბობს ია ნარსია.
- როგორც ნეიროქირურგი გიორგი სექანია ამბობს, ამის დაჯერება მასაც გაუკვირდა.
“ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო. ამ სურათით, რომ ნახოთ ეს დასკვნები, ყველანაირად ემთხვევა სიმსივნის ფორმას,“ – ამბობს ქირურგი და აღნიშნავს, რომ ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა.
“სიღრმეში იყო. ყველა მილიმეტრი არის კილომეტრის ტოლფასი. ემოციებს რაც შეეხება, მარტივი არასდროს არაა.
როდესაც მივადექი და ვნახე ეს ჭია, პირველი ემოცია იყო, რამე სისხლძარღვი ან ნერვი ხომ არ არის მეთქი. მაგრამ გახსენდება ანატომია, ეგრევე ყველაფერი გიტრიალებს თავში და გახსენდება, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერვი, არც სისხლძარღვი. ნელ-ნელა, ამოყვანის დროს, არ დამთავრდა. ალბათ 10-15 სმ იყო, მაგრამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როდესაც გაიშალა, 20 სმ იქნებოდა,“ – იხსენებს გიორგი სექანია.